ფილმი "20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაშია

უკრაინელი ფოტოჟურნალისტისა და ომის კორესპონდენტის, მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში", ამერიკული კინოპრემიის, "ოსკარის" მოკლე სიის ორ კატეგორიაშია. ფილმი პრემია "ოსკარის" პრეტენდენტთა სიებშია, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.


ნომინანტებს 2024 წლის 23 იანვარს გამოაცხადებენ. პრემიების გადაცემა 10 მარტისთვის არის დაგეგმილი.

მსტისლავ ჩერნოვთან ერთად, ფილმზე ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო მუშაობდნენ. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები.


ჟურნალისტებმა ყველაფერი გადაიღეს, რაც ქალაქში ხდებოდა, მათ შორის, მშვიდობიანი მცხოვრებლების მასობრივი დასაფლავებები, ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქზე შემორტყმული ალყის გამო და რუსი სამხედროების ქმედებები. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები. ჟურნალისტებმა მარიუპოლი მარტის შუა რიცხვებში ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით დატოვეს.


დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეომასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა ქალაქიდან გამოიტანა. ჩერნოვმა, მალოლეტკამ და სტეპანენკომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრემია მიიღეს. მათ შორის, ჟურნალისტური პრემია Press Freedom Awards 2022-ი და ღონღაძის სახელობის პრემია. ფილმმა მსტისლავ ჩერნოვს მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოუტანა "სანდენსის" კინოფესტივალზე 2023 წლის იანვარში და ასევე, "პულიცერის" პრემია. ფილმის "20 დღე მარიუპოლში" ნახვა მსურველებს პლატფორმა Votvot-ზე შეუძლიათ.